ეკონომიკური ზრდა

ამერიკის ეკონომიკამ სუსტი სტარტი აიღო - პირველ კვარტალში ზრდა 0.7%-ია

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა
trbimg.com

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ წელს ნავარაუდევზე უფრო სუსტი სტარტი აიღო. ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშით (PDF) ქვეყნის ეკონომიკა 2017 წლის პირველ კვარტალში 0.7%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი გასული სამი წლის მანძილზე მინიმალურია. 

ეკონომიკური ზრდის შემცირება მოსახლეობის დანახარჯების მოცულობის შემცირებულმა ზრდამ გამოიწვია. პირველ კვარტალში მოსახლეობის დანახარჯები 2016 წელთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, ეს მონაცემი 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის დანახარჯები შემცირებულია გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტების, მათ შორის ავტომობილების მიმართულებით.

ბიზნეს სექტორის დანახარჯები კი 1.1%-ით არის გაზრდილი, ასევე 1.7%-ითაა გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯები. განსაკუთრებით მაღალი ტემპით - 9%-ით გაიზარდა კომპანიების მიერ საინვესტიციო საქონლის შეძენა, რაც მომავალში გაზრდილი ინვესტიციების ზრდის ალბათობაზე მიანიშნებს. 

2017 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი, იმის გამო, რომ იმპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმულაში მინუსით აღინიშნება, ამას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა ზრდაზე.

ტრამპის სამიზნე მაჩვენებელი 3-4%-ია

თეთრი სახლის მმართველი გუნდის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში 3% და 4%-იანი ზრდის მიღწევა. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით გაცილებით უფრო რეალისტურია არა 4%-იანი, არამედ 2%-იანი ზრდის მიღწევა. 

ამავდროულად ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამუშაო ძალის მოცულობის ზრდა. დღეისთვის აშშ-ის სამუშაო ძალა 160 მილიონი მოქალაქისგან შედგება, რაც 2010 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 6 მილიონით აღემატება. სამუშაო ძალის ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მიგრაციაა, იმის გამო, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სამიგრაციო რეგულაციების გამკაცრება სავარაუდოა, რომ ამ გზით მომდევნო წლებში აშშ-ის სამუშაო ძალა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. 

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა კვარტლების მიხედვით 2013-2017 წლებში:


ფოტო: bea.gov

 

კომენტარები