გაზის ტარიფი

არველაძე: ვიცით, როგორ წავიდა ლარი/დოლარის ურთიერთობა - ამას გაზის გაძვირება მოჰყვება

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, ქვეყანაში გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტარიფი 2005 წლის შემდეგ არ გადახედილა, ბოლო წლებში კი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.

"2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფები არ გადახედილა, მას მერე ბევრი რაღაც შეიცვალა, საკმაოდ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა გაზის სექტორში, გარდა ამისა, ვიცით, როგორ წავიდა ლარის და დოლარის ურთიერთობა, როგორ შეიცვალა კურსი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფების ზრდას უნდა ველოდეთ", - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს არველაძე.

სემეკში შესულია ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზგამანაწილებლის - "სოკარის" (მათ შორის, მისი შვილობილი "საქორგაზის") და თბილისის გაზგამანაწილებლის "ყაზტრანსგაზის" სატარიფო მოთხოვნები. 

ივლისის ბოლოს გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში გაზის ტარიფი, თუმცა იმის გამო, რომ 2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ტარიფები არ გადახედილა, მათი გაზრდის ალბათობა მაღალია.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, "აღნიშნული მატების მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ლარის გაუფასურება შეიძლება იყოს". კალაძის თქმით, თუკი ტარიფები გაიზრდება, არაა გამორიცხული, რომ მთავრობამ მისი სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

"ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია და მისი საფასურის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში, დოლარებში ხდება მისი ყიდვა და საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება, ასე რომ, არის შესაძლებლობა, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს", - ამბობს კალაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ტარიფების ზრდას ხელი შეიძლება შეუწყოს, არის ის, რომ სემეკისგან ტარიფის გადახედვას სახელმწიფოს კუთვნილი "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაც" მოითხოვს. აღნიშნული კომპანია მაგისტრალური გაზსადენების მეშვეობით ბუნებრივ აირს კერძო კომპანიებს აწვდის და მისი მიწოდების ტარიფის გაზრდას კერძო კომპანიების გაზის ტარიფზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

კომენტარები