ჰომოფობია

"არა ფობიას": დეპუტატის სიძულვილით მოტივირებული განცხადებები საფრთხის შემცველია

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები დისკრიმინაციულს და სიძულვილით მოტივირებულს უწოდებენ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ გზავნილს ვუშვებთ - საქართველო არ გახდება ცისფერების ქვეყანა“.

„არა ფობია“ აღნიშნავს, რომ ეს განცხადება „შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს - “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას - აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.“

სამოქალაქო პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი “არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.“

„არა ფობიას“ მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან.

კომენტარები