ნეპოტიზმი

ევროპული საქართველო თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის შემთხვევებს ასახელებს

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის შემთხვევებზე საუბრობს.

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები დაინიშნენ.

„უშუალოდ წყარომ თავდაცვის სამინისტროდან გადმოგვიგზავნა ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის, სოფიო კილაძის, მეუღლე, ავთანდილ ხარაძე, ბატონმა იზორიამ დანიშნა გენერალურ ინსპექციაში... მეორე ფაქტი არის თამარ ხულორდავა, ასევე ოცნების ახალი სახე და მისი მეუღლეც, ლევან ვახტანგაძე, დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში", - ამბობს ნადირაშვილი.

მისივე თქმით, დასახელებული პირები საჯარო სამსახურში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც მათი მეუღლეები პარლამენტის წევრები გახდნენ. დანიშვნები კი თებერვლის თვეში მოხდა - იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური შემცირებები იყო.

„პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება. მაგრამ ხანდახან პოლიტიკოსები თავად, საკუთარი საქციელით ქმნიან ვითარებას, როდესაც საზოგადოება, ოპოზიციაც, იძულებული და ვადებულია, დასვას კითხვები,“ - აღნიშნავს ირმა ნადირაშვილი.

ევროპული საქართველო კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს როგორც თავდაცვის მინისტრისგან, ასევე მათი კოლეგა დეპუტატებისგან.

კომენტარები