აშშ

ტრამპი კორესპონდენტთა ვახშამს არ დაესწრო და მე-100 დღე პენსილვანიაში აღნიშნა

AFP

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ კორესპონდენტთა ტრადიციულ ვახშამს არ დაესწრო. პრეზიდენტობის მე-100 დღე მან პენსილვანიაში მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა.

„ჰოლივუდის მსახიობების და ვაშინგტონის მედიის დიდი ჯგუფი ახლა სასტუმროს დარბაზში ერთმანეთს ანუგეშებს. ისინი კორესპონდენტთა ვახშამზე პრეზიდენტის გარეშე შეიკრიბენ. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ 100 მილზე მეტით შორს ვარ ვაშინგტონის ჭაობიდან და საღამოს თქვენთან ერთად ვატარებ - ბევრად მეტ და უკეთეს ხალხთან“ - მიმართა ტრამპმა პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ის, რომ ტრამპი კორესპონდენტთა ვახშამს არ დაესწრებოდა, ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი.

თეთრი სახლის კორესპოდნეტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ვახშამის ტრადიცია თითქმის ას წელს ითვლის. რონალდ რეიგანის შემდეგ, ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მას არ დაესწრო. 1981 წელს რეიგანმა ვახშამზე მისვლა მისი მკვლელობის მცდელობის დროს მიღებული დაზიანების გამო ვერ შეძლო.

კომენტარები