საქართველოს შეიარაღებული ძალები

საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს 26 წლის გახდა

საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს 26 წლის გახდა.

შეიარაღებულ ძალებს ეს თარიღი პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

”თქვენ იცავთ თქვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. აძლევთ რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობას, აშენონ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. თქვენ მართლაც საამაყო გახადეთ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში. მადლობა სამსახურისთვის, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს”, - მიმართა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას.

„ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული.” - პრემიერმა კვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დღევანდელი დღე გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მიულოცა.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ამ დღიდან ითვლიან ქართული ჯარის დაარსების დღეს.

კომენტარები