პლებისციტი

ბაქრაძე: პლებისციტის დასანიშნად, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას გამოვკითხავთ

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხვალიდან პარტია კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობის აზრის გამოკითხვას იწყებს.

"სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ხვალიდან ევროპული საქართველო იწყებს კამპანიას კარდაკარ. ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საქართველოს მთავრობა დარჩა ერთ მხარეს, როდესაც მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და პრეზიდენტი დგას.

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დარჩა მმართველი პარტია ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს არის ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, ექსპერტთა დიდი ნაწილი, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და საზოგადოება",-თქვა მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას მოთხოვნით პრემიერმინისტრს გასულ კვირას მიმართა.

კომენტარები