საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: მტკიცებულებები გამორიცხავს ქურდობასთან დავით სესიაშვილის კავშირს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა გამორიცხავს ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის რაიმე კავშირს ქურდობის ფაქტთან. უწყება ადასტურებს, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები ნამდვილად ემთხვევა ავტომანქანიდან აღებულ ანაბეჭდებს, თუმცა, განმარტავს, რომ სესიაშვილი მფლობელის მეგობარია და ის ხშირად სარგებლობდა ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანით. ამასთან, უწყების განცხადებით, დანაშაული ძველი თბილისის რაიონში მოხდა, დავით სესიაშვილი კი, ამ დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ ქარვასლაში. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა  მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს. 

მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა. 

ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი.

ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა  მისი თითის ანაბეჭდები  ავტომანქანაზე.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე. 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.
საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ირაკლი სესიაშვილის შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის საგამოძიებო უწყებებმა ხელი დააფარეს. ენმ-ის წევრის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობას, რა დროსაც ამოღებული სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდები სწორედ დავით სესიაშვილის ანაბეჭდებს ემთხვევა. ენმ-ის განცხადებით, ამის შესახებ დაქტილოსკოპიის ანალიზით მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სესიაშვილმა სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილ დავით სესიაშვილთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის მართლაც აიყვანეს სამსახურში და მისი მხრიდან კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას პროკურატურაში უჩივლა. სესიაშვილმა პროკურატურისგან მოითხოვა იმის დადგენა, რომ მისი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის. მისივე თქმით, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მის შვილთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გამოთქვა. 

კომენტარები