იუსტიციის უმაღლეს

ზარდიაშვილი: "არჩევანის" სათაური იქნებოდა - "როგორ ხარჯავს ომბუდსმენი ხალხის ფულს"

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა თქვა, რომ სახალხო დამცველის მოადგილემ 140 ათას ლარიანი ავტომობილი ბიუჯეტის ფულით იყიდა, რასაც ნანუაშვილმა ტყუილი უწოდა და ზარდიაშვილის წარსული გაიხსენა.

სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეების მიმართ შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს.

"გადაცემა არჩევანში სათაური იქნებოდა ასეთი - "როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს". მერე ანახებდნენ 140 ათას ლარიან მანქანას, რომელიც თქვენი მოადგილისთვის იყიდეთ. როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს", -თქვა ზარდიაშვილმა.

ნანუაშვილმა თქვა, რომ ზარდიაშვილი იტყუება და მისი მოადგილის ავტომობილი 41 ათასი დოლარი ღირდა.

"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესში აღარ მოხვალთ, ეგრევე დაიწყებენ თქვენს წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. დღეს საღამოს არჩევანს უყურეთ და მიხვდებით, რაზე გესაუბრებით", - თქვა დეპუტატმა.

ომბუდსმენმა ზარდიაშვილის ბრალდება სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

"თქვენ, 2012 წლამდე იყავით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი. სწორედ იმ წლებში, არაერთი უკანონო გადაწყვეტილება იყო მიღებული, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,1%. ასევე, იმ პერიოდში, არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, გიჩიოდათ. ისინი თქვენ გადანაშაულებდნენ ზეწოლაში. იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას უკრძალავდით.

თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაგებია, რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ჩვენი რეკომენდაციები", - ამბობს ნანუაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ რუსთავი 2 პოლიტიკური დისკრედიტაციის ჩემპიონად დაასახელა.

"მოსამართლეებთან მიმართებით, ყველა ადმიანი, ვინც ვიღაცისთვის პოლიტიკურად მიუღებელია, ხდება მიზანმიმართული პოლიტიკური დისკრედიტაცია. მათ შორის, რუსთავი 2 არის ამის ჩემპიონი", - თქვა კილაძემ.

სახალხო დამცველმა დეპუტატების გამოსვლები მასზე თავდასხმად შეაფასა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, "რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს". 

კომენტარები