ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი და ადეიშვილი ღვინის ქარხნის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით პატიმრობა. ზურაბ ადეიშვილს საქართველოს იმავე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა. ორივე მათგანს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის და 6 თვის ვადით.

"სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს - თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. კერძოდ: 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს "საქართველოს საზღვაო ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რის გამოც აუცილებელი იყო ბანკის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურისვე ცნობით, გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონებების თაობაზე, რომელთა შორის იყო თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც.

მათივე ინფორმაციით, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს "რთველი XXI"-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს "საქართველოს საზღვაო ბანკიდან" აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს აკურას ღვინის ქარხნის აქციების 89.060%, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას.

"აჭარის ა.რ. პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს "საქართველოს საზღვაო ბანკი"-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები.

აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუაღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 07 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა აჩუქეს სახელმწიფოს", - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

ამასთან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

კომენტარები