საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით

parliament.ge

"მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს დღევანდელ სესიაზე. ცნობისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ ვიდეოკლიპი წარადგინა, რომელშიც პარალელია გავლებული "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემასა და ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემას შორის.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25%-ს, ავტომატურად იღებდა 2/3-ს. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით".

მას ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ უპასუხა:

"დიახ, მუსოლინიმ ნამდვილად მოიგონა ის, რომ თუ პარტია ხმების 25%-ს აიღებდა, დეპუტატების 2/3 ეყოლებოდა პარლამენტში, თქვენი შემოთავაზებული სისტემით, 25% კი არა, შეიძლება, უფრო ნაკლები მიიღოთ და მაინც წაიღოთ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ მისცა იმ პარტიებს, ვინც ვერც გადალახა 5%-იანი ბარიერი" - თქვა კაპანაძემ, რასაც კობახიძემ სიცრუე უწოდა.

"თქვენ იტყუებით, არ შეიძლება ამ გზით სიარული პოლიტიკაში, ასე დაიწყეთ თქვენ პოლიტიკაში სიარული და ნუ გააგრძელებთ, ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისთვის" - მიმართა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობას.

კომენტარები