გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, პროკურორი სასამართლო სხდომის დახურვას ითხოვს

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

"არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ წუთებში ბრალდების მხარე პროცესის დახურვის შუამდგომლობას აყენებს. დაცვის მხარეს კი, სხდომის საჯაროობა სურს.

“იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო სხდომას გახდის საჯაროს, რომლის კანონიერი საფუძველი სრულიად არსებობს, რათა საზოგადოება იყოს პირველი მაკონტროლებელი საქმესთან დაკავშირებით”, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე მოითხოვს, გიორგი მამალაძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. ასევე, ადვოკატები დეკანოზზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, "ჩვენ დარწმუნებული ვართ, მტკიცებულებები გადალახავს წინასასამართლო სტადიას და საქმის არსებით განხილვაზე გიორგი მამალაძის ბრალდებას დავადასტურებთ".

ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურამ 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.


 

კომენტარები