კრიმინალი

შსს: ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. აქედან ორი - 22 წლის ნ.მ. და 26 წლის ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 23 წლის ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები