სილქნეტი

სილქნეტი: აბონენტების მიერ ინტერნეტის გადაყიდვა 5 ათასი ლარით დაჯარიმდება

techreviewer.co.uk

სილქნეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია თითქოს აბონენტის მიერ Wi-Fi-ის პაროლის სხვა პირებზე გადაცემა 20 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს სიცრუეა. კომპანიის განცხადებაში წერია, რომ არავითარი მსგავსი დებულება აბონენტებთან დადებულ კონტრაქტში არ წერია. სილქნეთის განმარტავს, რომ სინამდვილეში კონტრაქტში წერია, რომ აბონენტი დაჯარიმდება მაშინ, თუ ის საკუთარ ინტერნეტს სხვებს შემოსავლის მიღების მიზნით გადასცემს. 

"საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვა კომპანიის მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების შემდგომი გადაყიდვის თაობაზე დაკავშირებულია ისეთ შემთხვევებთან, როდესაც სილქნეტის საცალო ფიზიკური ან/და იურიდიული პირი აბონენტების მიერ ხორციელდება მათთვის მიწოდებული საცალო სააბონენტო ინტერნეტ პაკეტების შემდგომი გადაყიდვა გამაძლიერებელი ანტენების საშუალებით მესამე პირებზე, კომერციული მიზნით, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან (ასეთი საქმიანობა ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ხოლო მსგავსი სახის საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას პირველ ჯერზე 5000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით).

აბონენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის ბოლო მომხმარებელი, რომელმაც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის უნდა გამოიყენოს მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება, ანუ მას არ შეიძლება ყავდეს თავისი აბონენტები. შესაბამისად, როდესაც სილქნეტსა და აბონენტებს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულებები, ამ სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ინტერნეტ პაკეტის სიჩქარე განსაზღვრულია კონკრეტული ოჯახის, თუ იურიდიული პირის მოხმარებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სააბონენტო პაკეტები, ისევე როგორც აღნიშნული პაკეტების ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან.

ავტორიზებადი საქმიანობისათვის დაინტერესებულ ინდ. მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს შეუძლიათ სილქნეტისგან ინტერნეტი შეისყიდონ (საბითუმო ბაზრის სეგმენტი) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ გულისხმობს მათთან როგორც საცალო აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებას.

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც სილქნეტის აბონენტები კორპუსის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ მათი პაროლით, რაც ბუნებრივია იწვევს მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხის გაუარესებას. ზოგჯერ, აბონენტები, რომლებიც მცირე ბიზნესს აწარმოებენ, მაგალითად აქვთ მცირე ტიპის სასტუმროები, სარგებლობენ ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი საცალო სააბონენტო პაკეტით და Wi-Fi მოწყობილობით მთელი სასტუმროს ინტერნეტით უზრუნველყოფას ახდენენ, აღნიშნული მომსახურების ფასი კი გათვალისწინებული აქვთ სასტუმროს ნომრის ღირებულებაში. აღნიშნული ქმედება როგორც აღვნიშნეთ იწვევს ინტერნეტ ხარისხის მკვეთრ გაუარესებას/ვარდნას/წყვეტას, რის თაობაზეც შემდეგ ეს აბონენტები თავადვე მომართავენ კომპანიას საპრეტენზიო წერილებით, საჩივარი შეაქვთ მარეგულირებელ კომისიაშიც. პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანიის საცალო აბონენტები, მათთვის მიწოდებულ ინტერნეტ მომსახურებას იყენებენ ე.წ. „ინტერნე კაფეებისთვის“ და ახდენდნენ მათთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების შემდგომ გადაყიდვას.

ამ შემთხვევაში სილქნეტის მიზანია სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რაც შემდგომში დაიცავს ისევ მომხმარებლის უფლებას მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, ასევე აარიდებს სილქნეტს დაუსაბუთებელ საჩივრებსა და პრეტენციებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა სააბონენტო ხელშეკრულებების სრულყოფის მიზნით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია ისეთი შემთხვევისთვის როდესაც აბონენტის მიერ ხდება მისთვის მიწოდებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემდგომი პირდაპირი თუ ირიბი გადაყიდვა/გადაცემა სხვა პირებისთვის კომერციული მიზნით და აღნიშნული ბუნებრივია არ გულისხმობს კომპანიის აბონენტების დაჯარიმებას WIFI მოწყობილობაზე პაროლის არ გამოყენების გამო, როგორც ეს წარმოჩენილ იქნა რიგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ. დამატებით განვმარტავთ, რომ მსგავსი სახის ჯარიმა კომპანიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი აბონენტის მიმართ.

მოვუწოდებთ საინფორმაციო სააგენტოებს თავი შეიკავონ მიზანმიმართულად, არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია სილქნეტის განცხადებაში.

კომენტარები