პლებისციტი

რესპუბლიკელები: მხარს ვუჭერთ პლებისციტზე ევროპული საქართველოს ინიციატივას

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას. 

"საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს” ინიციატივას, დაინიშნოს პლებისციტი - საერთო სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერმინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს, გამოხატოს საკუთარი ხედვა - საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად). მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიული გარემოს. პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი, დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები" - აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას მოთხოვნით პრემიერმინისტრს მიმართა.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნება პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემის ტიპზე პლებისციტის ჩატარებას არ ემხრობა.

კომენტარები