ოკუპაცია

შსს: იური ლუჟკოვი ქვეყანაში ლეგალური საბუთებით შემოვიდა

არქიმანდრიტი სერაფიმე და იური ლუჟკოვი
Facebook/ Serafim Bit-kharibi

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შემოუშვეს საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, უპასუხა, რომ ის საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ გააჩნდა. 

"შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, ეს მონაცემი არ იყო და, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო,"- ამბობს შს მინისტრის მოადგილე. 

მისი თქმით, უწყება კანონმდებლობის შესაბამისად, გაარკვევს აღნიშნულ საკითხს. რაც შეეხება მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, მან ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება, რითიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ირღვევა. ინფორმაციას ამის შესახებ, ფოტოებთან ერთად, არქიმანდრიტი სერაფიმე ბით-ხარიბი აქვეყნებს. როგორც ირკვევა, მოსკოვის ყოფილი მერი მეუღლესთან ერთად, 13 ასურელი მამის მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად. 
 


იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის სტატუსს 1992-2010 წლებში იკავებდა. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლუჟკოვი რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა ეცნო. ამ განცხადებების გამო, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი მის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვდა. 

აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის აგვისტოში, ლუჟკოვი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში.

2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 18-წლიანი მერობის შემდეგ, ლუჟკოვს პოსტი დაატოვებინეს. ამის მიზეზად "ნდობის დაკარგვა" სახელდებოდა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ლუჟკოვმა პარტია "ერთიანი რუსეთი" დატოვა. 

კომენტარები