საჯარო სამსახური

როგორ მიენიჭებათ საჯარო მოხელეებს 12 კლასი და რა დანამატს აიღებენ ისინი

მთავრობის ადმინისტრაცია

2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევა მთავრობის დადგენილება "საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესის" შესახებ (PDF დოკუმენტი). დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს 1-დან 12 კლასამდე მიენიჭებათ. და ამ კლასების მიხედვით ისინი შესაბამის დანამატებსაც მიიღებენ.

მოხელის რანგები ასე გამოიყურება:

  1. კლასი - საჯარო სამსახურის  მესამე კლასის რეფერენტი 
  2. კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი
  3. კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი
  4. კლასი - საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი
  5. კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი
  6. კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი
  7. კლასი - მესამე კლასის მრჩეველი
  8. კლასი - მეორე კლასის მრჩეველი
  9. კლასი - პირველი კლასის მრჩეველი
  10. კლასი - სახელმწიფო მრჩეველი
  11. კლასი - პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი 
  12. კლასი - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი

საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ კლასობრივი სისტემა დღესაც მოქმედებს, თუმცა ის პირდაპირ მიბმულია ჩინთან. თუ მაგალითად მოხელე აღმასრულებელ თანამდებობაზეა, რომელიმე სამინისტროში დეპარტამენტის უფროსია, მას ავტომატურად აქვს მაღალი კლასი. მომავალში კი თანანმდებობა და კლასი ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

საჯარო მოხელისთვის კლასის მინიჭება მოხდება ინდივიდუალურად, დაწესებულების მიერ შემუშავებული მეთოდის მიხედვით. უწყებაში დასაქმებული ყოველი მოხელე ამ მეთოდის გამოყენებით შეფასდება და დამსახურების მიხედვით, მას კლასი მიენიჭება. საჯარო მოხელე ავტომატურად მაღალ კლასს ვერ მიიღებს, მან 1-დან 6 კლასამდე ყოველი კლასი უნდა გაიაროს. 

კლასი და თანამდებობა ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება უწყებაში მუშაობდეს თანამშრომელი, რომელსაც მაგალითად აქვს მეათე კლასის "სახელმწიფო მრჩევლის" კლასი და ის მუშაობდეს დაბალ რგოლში. და მისი ხელმძღვანელს კი ბევრად დაბალი კლასი ჰქონდეს მინიჭებული.

კლასის შესაბამისად საჯარო მოხელეები თანამდებობრივ დანამატებს "საკლასო დანამატს" მიიღებენ, აღნიშნული დანამატები და მისი გაცემის სტრუქტურა სპეციალური კანონის მეშვეობით დარეგულირდება.

კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელედ ქვეყანაში დაახლოებით 52 ათასი ადამიანი ითვლება. სულ საჯარო სექტორში 115 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათგან ყველა მოხელედ არ ითვლება.

კომენტარები