საკონსტიტუციო ცვლილებები

ვოლსკი პლებისციტზე: ევროპულ საქართველოს თავის წარმოჩენა სურს

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, პლებისციტის ჩატარებით მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს "თავის წარმოჩენა" სურს. 

"ეს მაინც მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ თავი წარმოაჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარეობს [კონსტიტუციის პროექტის] კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი განხილვები" - აღნიშნა ვოლსკიმ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპულმა საქართველომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით პრემიერმინისტრს მიმართა. გარდა ამისა, პარტიამ კამპანია "კარდაკარ" დაიწყო პლებისციტის დასანიშნად საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შესაგროვებლად. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს მოთხოვნას, პლებისციტის ჩატარების თაობაზე, გუშინ შეუერთდნენ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის კოტე იოსელიანის შეფასებით კი, ევროპული საქართველოსთვის პლებისციტი პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია.

კომენტარები