მზის ენერგია

ინვესტორები ჩერნობილის მზის ელექტროსადგურში ინვესტირებას არ ჩქარობენ

pinterest.com

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა, განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. უკრაინის მთავრობა ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ტერიტორიის ათვისებაზე მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა კერძო ინვესტორთაგან ჯერ-ჯერობით პროექტისადმი დიდი დაინტერესება არ შეიმჩნევა.

უკრაინის მთავრობის მიერ ინვესტორთათვის წარდგენილ პრეზენტაციაში წერია - "ავარიიდან 30 წლის შემდეგ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ამ მიწების ათვისებისთვის. შესაძლებელია სპეციალური ინდუსტრიული ზონა შეიქმნას აკრძალულ ზონაში, სადაც რადიაციისგან დაცვის ყველა ნორმების დაცვით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პროექტის განვითარება". წინასწარი გათვლებით, ჩერნობილში 1000-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის შექმნაა შესაძლებელი.

VOA-სთან საუბარში უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი ოსტაპ სემერაკი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის კერძო ინვესტორმა $1.1 მილიონი დოლარი გამოყო. აღნიშნული თანხა საკმარისია 1.5 მეგავატიანი სადგურის აშენებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება $500 მილიონს აღემატება. მთავრობა ინვესტორებს ერთ წელზე მეტი ხანია ეძებს. ეკოლოგიის მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელებით 50-მდე კომპანია დაინტერესდა.

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორზე მომხდარი კატასტროფა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური ავარიაა. შემთხვევის გამო უკრაინამ ჩერნობილის გარშემო ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის დახურული უსაფრთხოების ზონა შექმნა. 

ტერიტორიის განახლებადი ენერგიის მიმართულებით ათვისებისთვის ორი ძირითადი წინაპირობა არსებობს: 1) მზიანი დღეების დიდი რაოდენობა, რაც კომერციულად მომგებიანი მზის ელექტროსადგურის შექმნისთვის ხელსაყრელია. 2) ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების არსებობა. ჩერნობილში 4 ათას მეგავატიანი ატომური სადგური არსებობდა, ტერიტორიაზე კვლავაა დარჩენილი ექსპლუატაციაში მყოფი ტრანსფორმატორები და გადამცემი ხაზები, რაც იქ მზის ენერგოსადგურის აშენებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. 

უკრაინას ჩერნობილის კატასტროფის კონსერვაცია საკმაოდ ძვირი უჯდება. უკრაინამ მეოთხე რეაქტორის ბეტონისა და ტყვიის მეგასარკოფაგის ასაშენებლად EBRD-ისგან დამატებით $500-მილიონიანი კრედიტი აიღო.

ჩერნობილი დღეს:


ფოტო: pinterest.com

პეტრო პოროშენკო და ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე რეაქტორის სარკოფაგის პრეზენტაციაზე


ფოტო: AP


ფოტო: AP

კომენტარები