ტურიზმი

საქართველოში 26 ბრენდული სასტუმროდან 11-ის მშენებლობა გადავადებით მიმდინარეობს

სასტუმრო ბილტმორ თბილისი
facebook.com/pg/BiltmoreTbilisi

2016-2018 წლებში საქართველოში 26 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს გახსნა იყო დაგეგმილი გასული წლის ივნისის მონაცემებით, თუმცა როგორც Galt & Taggart-ის კვლევიდან ირკვევა, აქედან თითქმის ნახევრის მშენებლობა გადავადებით მიმდინარეობს.

ყველაზე შეფერხებით მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ბათუმში მიმდინარეობს. რეგიონებში 5 მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა გრაფიკს მთელი წლით ჩამორჩება, ბათუმში კი 4-ს. თბილისში კი ერთწლიანი დაგვიანებით მხოლოდ ორი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული შეფერხების მიუხედავად Galt&Taggart-ი წელს თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო ნომრების 70%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასზე 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის რეგიონში კი 11.6 ათასი საწოლია.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ჯამში სექტორის შემოსავალმა $435 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვარი სულ 1.26 მილიონმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.

ამ 1.2 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 514 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 25.7%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

კომენტარები