ტყიბულის შახტა

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

რუსთავი 2

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ამოიყვანეს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახებს "ყველა სახის კომპენსაცია" მიეცემათ როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მისივე თქმით, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება. 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას თქმით, დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით.

კომპანია საქნახშირის დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი კი ამბობს, რომ მზადაა, ოჯახებს კომპენსაცია მისცეს და ასევე ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გუშინ საღამოს ტყიბულის მაღაროში სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა. გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები