ტურიზმი

როგორ დავიწყოთ ტურისტული ბიზნესი - სახელმძღვანელო

ანაკლიის ბულვარი
georgia.travel

რა არის საჭირო რათა ტურისტული ბიზნესი დაიწყოთ, როგორ უნდა დაამყაროთ კავშირი საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებთან, რა საგადასახადო შეღავათები არსებობს ტურიზმისთვის, როგორ არის შესაძლებელი ფრენჩაიზის მოპოვება და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ტუროპერატორი - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ტურისტული ბიზნესის დაწყებას გეგმავს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა სახელმძღვანელო (PDF დოკუმენტი), რომელიც ამ სექტორით დაინტერესებულ პირებს აძლევს ქვეყანაში შემომყვანი ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციებს. სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესასოციაციების შესახებ, რომელში გაწევრიანება და რომლებთან ურთიერთობაც დამწყები ბიზნესისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი იქნება. 

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ჯამში სექტორის შემოსავალმა $435 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვარი სულ 1.26 მილიონმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.

ამ 1.2 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 514 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 25.7%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასზე 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის რეგიონში კი 11.6 ათასი საწოლია.

კომენტარები