ავიაცია

აირზენა Turkish-ისა და Aeroflot-ის შემდეგ Wizzair-ს აკრიტიკებს

flickr.com/photos/picturejohn64

ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი - აირზენა" უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizzair-ს აკრიტიკებს. კომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი საქმის კურსთან საუბარში ამბობს, რომ ამ ავიაკომპანიას არამარტო უნგრეთი არამედ საქართველოც ოპერირებისთვის შეღავათიან პირობებს უწესებს.

"საკუთარ სახელმწიფოში რუსულ ავიაკომპანიებს აქვთ 3-4-ჯერ უფრო დაბალი ნავიგაციისა და აეროპორტების ტარიფები, ვიდრე სხვა, ამ შემთხვევაში ქართულ ავიაკომპანიებს. ეს იმის წინაპირობაა, რომ დემპინგური ფასებით განახორციელონ ოპერირება და მათ მიერ შესრულებული რეისის თვითღირებულება ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ჯორჯიან ეარვეიზის მიერ შესრულებული ავიარეისის.

ვიზეართან დაკავშირებითაც გვაქვს იგივე პრობლემა, რადგან ქართული სახელმწიფოც ეხმარება ვიზეარს გარდა იმისა, რომ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ საკუთარ ქვეყანაში", - ამბობს დავითაშვილი.

აირზენას მაისის მეორე ნახევრიდან ახალი თვითმფრინავი ეყოლება. კომპანია ლიზინგის მეშვეობით Boeing 737-700-ს ყიდულობს. თვითმფრინავის საბაზრო ფასი დაახლოებით $80 მილიონია, რის გამოც ეს გარიგება ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში უმსხვილესია. კომპანიის ფლოტი ასე გამოიყურება:

  • Boeing 737-500 - 116 ადგილი
  • Boeing 737-700 - 132 ადგილი
  • ერთ CRJ100 - 50 ადგილი
  • სამი CRJ200 - 50 ადგილი

დღეისთვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish airlines-ია, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ საქართველო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ცენტრს ტრანზიტის მეშვეობით უკავშირდება, Turkish airlines-ი და სხვა ავიაკომპანიები კი მომხმარებლებს სწორედ ამ ტიპის ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. 

კომენტარები