ფადი ასლი

ასლი: სამარცხვინო და კორუმპირებული მოსამართლის სარჩელი ჩემ წინააღმდეგ გადმომეცა

ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე
facebook.com/iccgeorgia

თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარეს, ფადი ასლის სასამართლოში უჩივის. კაკაბაძე ასლისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს. სავაჭრო პალატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფადი ასლის კაკაბაძის სარჩელი უკვე ოფიციალურად გადაეცა. ამ საქმის პარალელურად სავაჭრო პალატამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა საბჭომ შეისწავლოს ის გადაწყვეტილებები, რაც ვლადიმერ კაკაბაძემ სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების საქმეებზე მიიღო. 

ფადი ასლი წერს, რომ ვლადიმერ კაკაბაძემ ტერაბანკის, ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიკან თობაქოს საქმეებზე აშკარად კორუმპირებული გადაწყვეტილებები მიიღო. "თავისი კორუმპირებული ქმედებებით, ვლადიმერ კაკაბაძემ არამარტო პირადი რეპუტაცია დააზარალა, არამედ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან ზიანი მიაყენა სრულიად ქართული სასამართლო სისტემის რეპუტაციას, ღირსებასა და სანდოობას", - წერს ასლი.

"2017 წლის 24 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა მოსამართლე კაკაბაძის ხელფასის შეჩერებისა და სრული გამოძიების მოთხოვნით. ვფიქრობ, უცნაურია, რომ მოსამართლე კაკაბაძეს სარჩელი შეაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საქმის გამოძიების დასრულებამდე.

2017 წლის 30 მარტს საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა მოსამართლე კაკაბაძის ორი საქმის დეტალური ანალიზი, სადაც გამოიკვეთა არაერთი დარღვევა. კურიოზულია, რომ მოსამართლე კაკაბაძეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეაქვს, სწორედ იმ სასამართლოში, რომელმაც სამჯერ გამოაქვეყნა უპრეცედენტო განცხადება მოსამართლე კაკაბაძისა და მისი კორუმპირებული გადაწყვეტილებების დასაცავად. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კაკაბაძე სწორედ ამ სასამართლოშია გამწესებული მოსამართლედ. კორუფცია სასამართლო სისტემაში იქცა უპირველეს დაბრკოლებად ინვესტიციების შემოდინებისთვის. კორუმპირებული მოსამართლეების დასაცავად, მათი მამხილებლების წინააღმდეგ სანქციების შეთავაზების ნაცვლად, უმჯობესია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მკაცრი ზომები მიიღოს სასამართლო სისტემის იმ კორუმპირებული ელემენტებისგან გასაწმენდად, რომლებიც საქართველოს სამარცვინო ლაქას წარმოადგენენ და რომლებიც ანადგურებენ ქვეყნის იმიჯს", - წერია სავაჭრო პალატის განცხადებაში.

TI საქართველოს ანგარიშის მიხედვით ფილიპ მორის საქართველოს საქმეზე კორუფიული ეჭვები არსბეობს. ვლადიმერ კაკაბაძემ აღნიშნულ კომპანიას 92 მილიონი ლარის თბილისის თამბაქოს (სიგარეტი პირველის) სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. 

კომენტარები