ეკონომიკური ზრდა

IMF-ის შემდეგ, საქართველოს ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმაც შეამცირა

Getty Images

მსოფლიო ბანკი დღემდე საქართველოსთვის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბანკი საქართველოსთვის მხოლოდ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ბანკის განახლებული პროგნოზი მთავრობის მიერ განსაზღვრულ 4%-იან სამიზნე ზრდაზე ნაკლებია.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 13 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშით საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც შეამცირდა. IMF-იც წელს საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

"გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, და ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. სამომავლოდ, ქვეყანას აქვს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, ვინაიდან საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად წარმატებით განახორციელებს ექსპორტს, რომელიც ინოვაციებსა და ცოდნაზე იქნება დამყარებული,“ განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები