თამბაქო

კანონპროექტით, ვეღარ გაიგებთ რომელ სიგარეტს ეწევით - ბიზნესი ცვლილებას აკრიტიკებს

Reuters

პარლამენტის მიერ გუგული მაღრაძის კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანაში დაინერგება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ერთიანი სტანდარტი. ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. ცვლილებას ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ტაბულასთან საუბარში თამბაქოს საერთაშორისო კომპანიის, JTI-ის კორპორატიულ საქმეთა ხელმძღვანელმა ივანე ხასიამ ცვლილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა. 

"შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება" - წერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. აღნიშნული ჩანაწერი პროექტის პირველად ვარიანტში არ ფიგურირებდა.

ივანე ხასიას თქმით, კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში ამ ჩანაწერის გაჩენა მოულოდნელი სიახლე იყო და მასთან დაკავშირებით ბიზნესთან არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა. ხასიას თქმით, საქართველოს თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებს და მისი ამოქმედებით კომპანიები კარგავენ მათ ყველაზე ფასეულ აქტივს - ბრენდს, ამას კი ბაზარზე კონკურენციის გაქრობა მოჰყვება.

"სტანდარტიზირებული შეფუთვა რას გულისხმობს, რომ შეეზღუდოს კომპანიას მისი ყველაზე ფასეული აქტივი. ეს ბრენდის და საკუთრების უფლების შეზღუდვაა. არსებული პროექტი აბსოლიტურად წარმოუდგენელია, დაუშვებელია და ჩვენ ამ საკითხს ასე ვერ დავტოვებთ. 

სასაქონლო ნიშანზე მოდის პირდაპირ შეზღუდვა, მაგალითად, Winston-ის ბრენდის სიგარეტი, რომ Winston-ია აღარ გვექნება უფლება, რომ დავიტანოთ ჩვენი ბრენდირებული წარწერა, რომლითაც ხდება ბრენდის იდენტიფიცირება. ცვლილების შედეგად შეუძლებელი იქნება სიგარეტის განსხვავება, შეუძლებელი იქნება კონკურენციის წარმოება ბაზარზე, ყოველგვარი ინოვაცია წარმოუდგენელი ხდება",- ამბობს ხასია. 

ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა დანერგა. ცვლილება ძალაში 2012 წელს შევიდა და როგორც ცნობილია მას თამბაქოს მოხმარების შემცირება არ გამოუწვევია. მეტიც ქვეყანაში ლეგალური თამბაქოს მოხმარებასთან ერთად თამბაქოს არალეგალური ბიზნესიც გაიზარდა. 

დღესვე ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება სავაჭრო პალატამაც გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, თამბაქოს სტანდარტული პაკეტების დანერგვა ქვეყანაში კონტრაბანდის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც ყველა ბრენდის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება და არცერთი სიგარეტის ღერზე არანაირი წარწერა არ იქნება დატანილი კონტრაბანდის იდენტიფიცირება გართულდება. კონტრაბანდის ზრდის შემთხვევაში ბიუჯეტმა პოტენციურად მილიონობით ლარი შეიძლება დაკარგოს, რადგანაც თამბაქოს ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი გადამხდელია, მასზე ბიუჯეტის შემოსავლების 8% მოდის.

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ნიმუში:


ფოტო: pinterest.com

კომენტარები