NDI-ის გამოკითხვა

NDI: 26% - უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს ქართული მენტალიტეტის დაკარგვას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, გსმენიათ თუ არა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ, აბსოლუტური უმრავლესობა - 92% დადებითად პასუხობს, 7% უარყოფითად.

ასევე, მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მას, თუმცა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2016 წლის ივნისის კვლევასთან შედარებით, რა დროსაც ასე 64% ფიქრობდა.

აგრეთვე, მოსახლეობის 78% ფიქრობს, რომ, მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, რიგითი ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვერ გაწვდებიან. 67% კი თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის შედეგად ბევრი წავა ემიგრაციაში. ამასთან, 49% მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმი გამოიწვევს საქართველოში უცხოელი ლტოლვილების ჩამოსვლას.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში სამედიცინო მომსახურების მიღებას გაუადვილებს, სტუდენტებისთვის კი შენგენის ზონის ქვეყნებში სწავლა გამარტივდება.

მოსახლეობის 26% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს ქართული მენტალიტეტის დაკარგვას, რასაც 60% ეწინააღმდეგება, 22% კი ეროვნული იდენტობის დაკარგვას პროგნოზირებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები