თავდასხმა ლაშა თორდიაზე

რატომ სცემეს მთავარ აუდიტორს? ევროპული საქართველო დოკუმენტებს აქვეყნებს

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო დოკუმენტებს აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ ამ ფაქტებზე საუბრობდა მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია, როცა ოთარ ფირცხალაძის მხრიდან მისი ცემის ფაქტს ხსნიდა.

პარტიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2015 წელს სახელმწიფომ ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 − №16 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.007.086) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად გადასცა შპს "როიალ დეველოფმენთის".

ევროპული საქართველო განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2016 წელს მერიამ თანხმობა მისცა მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ, რომლიდანაც შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტმა" იხეირა.

"ორივე შემთხვევაში შპს-ში ბიზნეს ინტერესი და წილი ჰქონდა (შესაბამისად 40% და 100%) ოთარ ფარცხალაძეს. ეს ფაქტები, სხვა ფაქტებთან ერთად გადაცემული იქნა შესაბამისი სტრუქტურებისთვის თუმცა რეაგირება არ მოყოლია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტებზე საუბრობდა დღეს მთავარი სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მისი ცემის ფაქტის მიზეზების ახსნის დროს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ დოკუმენტებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი კვლევას აწარმოებს. 

გუშინ ღამით, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამ ეტაპზე ის საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფარცხალაძე - თოდრიას საქმე

კომენტარები