თავდასხმა ლაშა თორდიაზე

NGO-ები თორდიას საქმეზე: დაუსჯელობა განაპირობებს ძალადობრივ ფაქტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. NGO-ების შეფასებით, კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. ისინი მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გაასაჯაროვონ ინფორმაცია ამ დრომდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით, ხოლო საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს - დროულად გადაიდგას ნაბიჯები დაუსჯელობის პრობლემასთან საბრძოლველად და შეიქმნას ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

"მნიშვნელოვანია, დანაშაულის კვალიფიკაცია მოიცავდეს ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელია მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას და მასში სავარაუდოდ ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფიცხალაძე, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც სამართალდამცავ უწყებებში საზოგადოებაში არსებობს კითხვები, მნიშვნელოვანია, საქმის შესწავლა განახორციელოს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. სხვა შემთხვევაში მიმდინარე გამოძიებას არ ექნება სანდოობა საზოგადოების თვალში" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოება არაერთი ძალადობრივი ფაქტის მომსწრე გახდა.

"მათი ეფექტიანი გამოძიებაც სამართალდამცავ ორგანოებს არ განუხორციელებიათ. ამ საქმეებს შორის არის ისეთებიც, რომელშიც დაზარალებული პირები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითებდნენ. სამწუხაროდ, მოქმედი სამართალდამცავი სისტემა ვერ აჩვენებს მზაობას ეფექტურად უპასუხოს ასეთ შემთხვევებს, რაც დაუსრულებელ გამოძიებებში ვლინდება. სწორედ ასეთი დაუსჯელობა განაპირობებს ძალადობრივი ფაქტების გავრცელებას საჯარო სივრცეში და აჩენს დაუცველობის განცდას. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ასეთ ფაქტებში მოქმედი ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა იკვეთება. ასეთი ფაქტები და მათზე არაეფექტური რეაგირების ტენდენცია კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად შექმნის საჭიროებას, რომელიც გამოძიებეს საქმეებს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობა შეიძლება იკვეთებოდეს" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42- მუხლი, სიდა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ლიბერალური აკადემია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში დაესხნენ. ამ ეტაპზე ის საავადმყოფოში იმყოფება. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანხმლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ დოკუმენტებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი კვლევას აწარმოებს. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოც". პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "ესეც შეგვიძლია განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან".

კომენტარები