თავდასხმა

ენმ პროკურატურას: თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული ჩანაწერი გასაჯაროვდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას მიმართავს ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება ადეკვატური მუხლით წარიმართოს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

"ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს.

მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს - ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას", - თქვა ბიბილაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს:

  • გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი.
  • მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით.
  • პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება.

საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ კი დოკუმენტები წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, ფარცხალაძის დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.

"წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შემდეგი - კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას, მიწა დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ითხოვს 4, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული ზონის შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მერიისგან ითხოვს ამ მილიონს კიდევ მილიონები შეემატოს და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს", - თქვა ნადირაძემ.


ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო. თორდია საგამოძიებო ორგანოებს არ ენდობა და ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფარცხალაძის "გაპრავებაში" არიან ჩართულები.

კომენტარები