თამბაქო

მარიამ ჯაში: თამბაქოს სტანდარტული შეფუთვით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ

ტაბულა

"შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება" - წერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში. ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. ცვლილებას სტანდარტული შეფუთვა ეწოდება და მას ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ტაბულასთან საუბარში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ამ ცვლილების ერთადერთი მიზეზი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჯაშის თქმით, ბიზნესის პროტესტი აღნიშნულ საკითხზე მოულოდნელი არ ყოფილა.

"ჩვენთვის უმთავრესია მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესი. სტანდარტული შეფუთვა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი არის დაფუძნებული საერთაშორისო გამოცდილებაზე. წლების მანძილზე ეს არის დანერგილი სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია ბიზნესის ინტერესია, მაქსიმალურად გააკრიტიკოს ეს კანონპროექტი და მაქსიმალურად გაიტანონ საკუთარი ინტერესი. ეს მათი ბუნებრივი კომერციული ინტერესია",- ამბობს ჯაში.

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ნიმუში:


ფოტო: pinterest.com

ტაბულასთან საუბარში საქართველოში მოქმედი თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების JTI-ს და Philip Morris-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ცვლილებით მათ კონსტიტუციით აღიარებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება ჩამოერთმევათ, რის შედეგადაც თამბაქოს ბაზარზე კონკურენცია საერთოდ გაქრება. 

Philip Morris-ის კორპორატიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ ამ კანონპროექტზე მთავრობასაც და ბიზნესსაც მსგავსი შენიშვნები აქვს, თუმცა პარლამენტმა ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე უარი თქვა. 

"აღარ გვექნება უფლება ჩვენი ბრენდები გამოვაჩინოთ. ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთრების უფლება გვაქვს ჩამორთმეული და შესაბამისად ვერანაირი კონკურენცია ვერ იქნება, ყველა ბრენდი იქნება ერთნაირი. თავად მომხმარებელიც ვერ განსახვავებს ერთ ბრენდს მეორესაგან. 

ზოგადად ამ კანონპროექტზე ჩვენც და მთავრობასაც მსგავსი შენიშვნები გვქონდა. რომ ეს პროექტი აცდენილია ევროკავშირის მოთხოვნებს. ევროკავშირშს აქვს შემუშავებული რეგულატორული ბაზა, ეს კი ცვლილება არის ევროკავშირის სტანდარტებს აცილებული. ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო, მაგრამ რატომღაც პარლამენტმა არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები. მთავრობამ დადო დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ ეს დასკვნა არავინ არ გაითვალისწინა", - ამბობს მამულაშვილი. 

JTI-ის კორპორატიულ საქმეთა ხელმძღვანელის ივანე ხასიას თქმით, საქართველოს თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებს და მისი ამოქმედებით კომპანიები კარგავენ მათ ყველაზე ფასეულ აქტივს - ბრენდს დაკარგავენ. 

"სტანდარტიზირებული შეფუთვა რას გულისხმობს, რომ შეეზღუდოს კომპანიას მისი ყველაზე ფასეული აქტივი. ეს ბრენდის და საკუთრების უფლების შეზღუდვაა. არსებული პროექტი აბსოლიტურად წარმოუდგენელია. ჩვენ ამ საკითხს ასე ვერ დავტოვებთ. 

სასაქონლო ნიშანზე მოდის პირდაპირ შეზღუდვა, მაგალითად, Winston-ის ბრენდის სიგარეტი, რომ Winston-ია აღარ გვექნება უფლება, რომ დავიტანოთ ჩვენი ბრენდირებული წარწერა, რომლითაც ხდება ბრენდის იდენტიფიცირება. ცვლილების შედეგად შეუძლებელი იქნება სიგარეტის განსხვავება, შეუძლებელი იქნება კონკურენციის წარმოება ბაზარზე, ყოველგვარი ინოვაცია წარმოუდგენელი ხდება",- ამბობს ხასია.

ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა დანერგა. ცვლილება ძალაში 2012 წელს შევიდა და როგორც ცნობილია მას თამბაქოს მოხმარების შემცირება არ გამოუწვევია. მეტიც ქვეყანაში ლეგალური თამბაქოს მოხმარებასთან ერთად თამბაქოს არალეგალური ბიზნესიც გაიზარდა. 

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება სავაჭრო პალატამაც გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, თამბაქოს სტანდარტული პაკეტების დანერგვა ქვეყანაში კონტრაბანდის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც ყველა ბრენდის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება და არცერთი სიგარეტის ღერზე არანაირი წარწერა არ იქნება დატანილი კონტრაბანდის იდენტიფიცირება გართულდება. კონტრაბანდის ზრდის შემთხვევაში ბიუჯეტმა პოტენციურად მილიონობით ლარი შეიძლება დაკარგოს, რადგანაც თამბაქოს ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი გადამხდელია, მასზე ბიუჯეტის შემოსავლების 8% მოდის.

კომენტარები