ლაშა თორდიაზე თავდასხმა

ფარცხალაძის ადვოკატები: ეს იყო პოლიტიკური მიზნებისთვის შეფუთული მოვლენა

ოთარ ფარცხალაძე

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა, დაკითხვა თავად მოითხოვოს. მისი ადვოკატების, გაგი მოსიაშვილისა და მერაბ ჩიქოვანის თქმით, ფარცხალაძე მზადაა, საგამოძიებო ორგანოში ნებისმიერ დროს გამოცხადდეს.

"დაველოდებით გარკვეული პერიოდი და თუ კიდევ არ გამოიძახეს, გამორიცხული არაა, წერილობით მივმართოთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვოთ დაკითხვა, რათა საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაქარწყლდეს”, - ამბობენ ადვოკატები.

ამასთან, ფარცხალაძის დამცველები მიუთითებენ, რომ მომხდარი რეალურად პროვოკაციის მცდელობა და პოლიტიკური მიზნებისთვის შეფუთული მოვლენა იყო. მათი განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ფარცხალაძე ლაშა თორდიას თავს არ დასხმია. საუბარია კაფე "ელ ცენტროს" თანამშრომლებისა და თვითმხილველების გამოკითხვებზე. ადვოკატები მტკიცებულებების შეგროვებას აგრძელებენ და აპირებენ, პროკურატურას მიაწოდონ.

"საინტერესოა, რატომ არ გამოიჩინა ბატონმა ლაშა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და რატომ არ მიმართა სამართალადმცველებს ინციდენტის დასრულებისთანავე. როგორც მისი მეუღლისგან საზოგადოება იგებს, 112-ში შეტყობინება შევიდა ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც თორდიამ ინციდენტის შემდეგ ყოველგვარი რეაგირების გარეშე გარკვეული დრო კვლავ გაატარა კაფე-ბარში, შემდეგ წავიდა სახლში, საიდანაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს", - ამბობს ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო. 

კომენტარები