საკაბელო კომპანიები

GMR: ოპერატორები მოგების გარკვეულ ნაწილს ქართულ ტელევიზიებს უნდა უხდიდნენ

stlucianewsonline.com

საკაბელო კომპანიებსა და ტელევიზიებს შორის შუამავალი კომპანია GRM სილქნეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ საკაბელო ოპერატორებთან მოლაპარაკებები “ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად“ დაიწყო:

„საკაბელო ოპერატორები ფულს უხდიან უცხოურ არხებს, ხოლო ქართული არხების შემოსავალი მთელი ამ წლების განმავლობაში ნულოვანია.

ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ შეესაბამება არც ბაზრის და არც სამართლიანობის პრინციპებს, რის გამოც ტელეკომპანიებმა იმედი, GDS, მაესტრო, რუსთავი 2, კომედი არხი და მარაო, მიიღეს გადაწყვეტილება, კომერციული პირობებით გადასცენ საკაბელო ოპერატორების რეტრანსლაციის უფლება კომპანია „ჯი-ემ-არ“-ს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაიწყო მოლაპარაკებები საკაბელო ოპერატორებთან ზემოხსენებული ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

GMR ასევე აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, უფასოდ მიიღონ ხსენებული არხების სიგნალი იმ პლატფორმებიდან, რომლებიც მომხმარებლებს დამატებით ანაზღაურებას არ თხოვენ.

„მაგრამ, ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს. მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით, თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანს და უფლებამოსილების სფეროს არ წარმოადგენს” - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია სილქნეტმა მომხმარებლები მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ 15 მაისს გააფრთხილა.

კომენტარები