მეტრო

მერია: დღეიდან მეტროს ახალ ვაგონებში ტელეფონების დატენვას შეძლებთ

თბილისის მერია

დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ახალ გარემონტებულ ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს.

"მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე, შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი. ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა", - წერია განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, 2017 წელს, სულ, იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

კომენტარები