ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

გიორგაძე: არ გამოვრიცხავ, ჰერბერტ ზალბერი სხვა კანდიდატურით ჩანაცვლდეს

ტაბულა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს და სხვა კანდიდატურით ჩანაცვლდეს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან, არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება, ამ პროცესში მონაწილე კონკრეტული პირი ჩანაცვლდეს სხვა კანდიდატურით. იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის მისი ასეთი პოზიცია", - თქვა გიორგაძემ.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად. ​შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გუშინ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჰერმანის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

რას გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერიცაა?

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების თემატიკა, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები

კომენტარები