თაღლითობა

ლისის ტბასთან სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინსიტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა ლისის ტბის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის დაკავებული 4 წევრიდან ერთ-ერთი სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელია.

"გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კერძოდ, ყალბი მიღება - ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ძველი მიღება - ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები", - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად. საგამოძიებო სამსახურისვე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები