ქართული ოცნება

ხოშტარია: რა გაკვეთილი მიიღეთ, როცა გირგვლიანის საქმის გმირი მურუსიძე დააწინაურეთ?

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში, ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენისას ქართულ ოცნებას მიმართა და უთხრა, რომ მათ წინა ხელისუფლების დაშვებული შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლეს. ხოშტარიამ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"მეგობრებო, თქვენ უკვე მეხუთე წელია ხელისუფლებაში იმყოფებით. ზუსტად ხუთი წლის წინ, საბედნიეროდ, მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენ ხელისუფლება გადაიბარეთ. გადაიბარეთ კარგი, სავსე ბიუჯეტი, გადაიბარეთ დამარცხებული კორუფცია, გადაიბარეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა გადაიბარეთ სერიოზული გამოწვევები - გამოწვევები ადამიანის უფლებებში და გამოწვევები დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ წარსულზე სწორედ იმის გამო, რომ ეს წარსული ჩვენი ტვირთია. ამ წარსულზე ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთავარი მიზნით - არა იმიტომ, რომ თქვენ აირიდოთ პასუხისმგებლობა აწმყოსა და მომავალზე, არამედ მთავარი მიზნით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, გამოვიტანით სწორი გაკვეთილები ამ წარსულიდან და საზოგადოებას შევთავაზოთ მომავალი. ამიტომ უნდა ვისაუბროთ წარსულზე და არა იმიტომ, რომ თქვენ დღეს გაექცეთ პასუხებს", - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ლევან მურუსიძის, ევა გოცირიძის და მანანა კობახიძის თანამდებობებზე დანიშვნაზე ისაუბრა. მან გირგვლიანის საქმეში არსებული დაუსჯელობის სინდრომიც მოიყვანა მაგალითად და თქვა, რომ ეს ამ საქმის ერთ-ერთი მძიმე ტვირთი იყო, თუმცა, ქართული ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან გაკვეთილი ვერ მიიღო.

"ჩვენ დავტოვეთ დამარცხებული კორუფცია, მაგრამ დავტოვეთ სამარცხვინო სასამართლო სისტემა. ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო კუდი, ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო პირადი ცხოვრების ჩანაწერები. ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო მედიაგარემო. რა გაკვეთილები გამოიტანეთ თქვენ?!

რა გაკვეთილები გამოიტანეთ, როცა გირგვლიანის საქმის გმირი მურუსიძე დააწინაურეთ და სასამართლოს მოასვით თავზე? მოსამართლე, რომელიც ძაღლებს ასეირნებს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დროს, უნდა დანიშნოთ და დააწინაუროთ? ევა გოცირიძე უნდა გახდეს თქვენი სასამართლოს სახე, რომელიც აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე გვასწავლის ჭკუას? ეს დასკვნა გამოიტანეთ სასამართლოს სისტემიდან, რომ ის პოლიტიკურ დაკვეთებს უნდა ემორჩილებოდეს? საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იმ სისტემაშიც კი დამოუკიდებელი იყო, უნდა დაასუსტოთ და მანანა კობახიძე ლამაზი ტახტით საკონსტიტუციო სასამართლოში გადააბრძანოთ? ეს არის გამოტანილი გაკვეთილი? რა დასკვნა გამოიტანეთ სამარცხვინო კუდიდან, რომ შეგექმნათ სუსი, რომელიც ხელს გაწერინებთ მოსმენების კანონზე, რომელიც გულის სიღრმეში არც თქვენ მოგწონთ. დიახ, მათ უნდათ მოსმენები - მოსმენით სახელწიფოს მართვა, პოლიტიკური პროცესების მართვა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თქვენ ამ პერიოდში აირჩიეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ იმ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მძიმე მხარე და ტვირთი იყო - ის, რომ ოთარ ფარცხალაძე გახდეს თქვენი დროის გმირი? უსწორდებოდეს, ურტყამდეს ადამიანებს და მერე ჩამწკრივდეს მთელი სახელმწიფო სისტემა: პროკურატურა, სასამართლო და მერია უწყობდეს აუციონებს?

თქვენ არც ერთი ჩანაწერი არ ამოგიღიათ, რომელიც არ გაწყობდათ, მათ შორის ფარცხალაძესთან დაკავშირებული ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის პერიოდში. რა გაკვეთილები გამოიტანეთ იქედან, რომ პირადი ცხოვრების შელახვა არ შეიძლება? - ის, რომ პირადი ცხოვრების კადრები გამოაქვეყნოთ და ადამიანები აშანტაჟოთ?  მედიაზე რა გაკვეთილი გამოიტენთ - ის, რომ დევნოთ", - ამბობს ხოშტარია.

კომენტარები