ნონა წოწორიაზე სავარაუდო ზეწოლა

დეკანოიძე: სტრასბურგის მოსამართლის ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს აჩენს

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკა ბევრ კითხვას აჩენს.

"ფაქტია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელია, გოგაშვილი კი ისევ თანამდებობაზე და ამ დროს ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში ხორციელდება რამდენიმესაათიანი ჩხრეკა, სადაც იარაღს პოულობენ, ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.

ფაქტია, რომ ქალბატონო წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა. ვინაიდან იგი იხილავს ბევრ ისეთ საქმეს, რომელიც ივანიშვილის კონფორტის საქმეს არ წარმოადგენს. თუნდაც იგივე რუსთავი 2-ის საქმე - როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი შეაჩერა", - ამბობს დეკანოიძე.

სტრაბსურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია კი მისი სახლის ჩხრეკას საკუთარი დის მიმართ ანგარიშსწორებას უკავშირებს. მისი თქმით, ამოღებული იარაღის ნაწილი მას საერთოდ არ ეკუთვნის და არც იცის, სახლში საიდან მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ნონა წოწორიას სტრასბურგის სასამართლოში ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამივე ჩააგდეს, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. ის მოსამართლეთა სწორედ იმ სექციაშია, რომელიც რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეებს განიხილავს.

კომენტარები