ნონა წოწორიაზე სავარაუდო ზეწოლა

ჭიაბერაშვილი წოწორიაზე: ჩადებებით ცდილობენ, გადაფარონ ფარცხალაძის ქმედება

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეჭვობს, რომ ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს იმავე "კლასიკასთან", რასაც ქართული ოცნება რეგულარულად მიმართავს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა და დაბრუნებულზე უტარებენ ჩხრეკას და უცბად აღმოაჩენენ იარაღს, რომლის შესახებაც ოჯახს არანაირი წარმოდგენა არ აქვს, ძალიან დიდ ეჭვს ტოვებს, რომ აქ გვაქვს იგივე "კლასიკა", რომელსაც ქართული ოცნება რეგულარულად მიმართავს - როდესაც ნარკოტიკს ან იარაღს უდებენ მათთვის არასასურველ პიროვნებას და ეს ხდება, ერთის მხრივ, ევროსასამართლოს მოსამართლის ძმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელმა ბათუმმა იცის, რომ არის ერთი უბრალო, მშრომელი, პატიოსანი ადამიანი და, მეორეს მხრივ, ხდება იმ კონტექსტში, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელი დაბოგინობს და პარლამენტარები ხმას ვერ იღებენ. ხოლო სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ, რომ მსგავსი ჩადებებით და ხელოვნურად შეთითხნილი საქმეებით გადაფარონ ფარცხალაძის ის ქმედება, რომელიც კანონით ავალდებულებს ხელისუფლებას იყოს უმკაცრესად დასჯილი", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

სტრაბსურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია კი მისი სახლის ჩხრეკას საკუთარი დის მიმართ ანგარიშსწორებას უკავშირებს. მისი თქმით, ამოღებული იარაღის ნაწილი მას საერთოდ არ ეკუთვნის და არც იცის, სახლში საიდან მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ნონა წოწორიას სტრასბურგის სასამართლოში ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამივე ჩააგდეს, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. ის მოსამართლეთა სწორედ იმ სექციაშია, რომელიც რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეებს განიხილავს.

კომენტარები