ნონა წოწორიაზე სავარაუდო ზეწოლა

ნონა წოწორია: ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს საქმიანობაზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სტრასბურგის სასამართლოს ქართველი მოსამართლე ნონა წოწორია მისი ძმის სახლის ჩხრეკას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, მასზე გავლენას ვერაფერი მოახდენს და კვლავ შეიტანს წვლილს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.

"18 მაისს, დაახლოებით 19 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ქ. ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს, განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემ მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში", - წერს წოწორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ნონა წოწორიას სტრასბურგის სასამართლოში ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამივე ჩააგდეს, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. ის მოსამართლეთა სწორედ იმ სექციაშია, რომელიც რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეებს განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უგულავა: აქციაზე მომავალ ხალხს "ქოცები" არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ

კომენტარები