ე.წ ციანიდის საქმე

პროკურორი: მამალაძის ადვოკატების მიზანი იყო, დაედგათ შოუ და დაეზაფრათ საზოგადოება

ჯარჯი წიკლაური
პროკურატურა

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიზანი სანახაობის მოწყობა იყო. მისი თქმით, სხდომის დატოვებით ბრალდებულის ადვოკატებმა პროცედურები დაარღვიეს და შესაძლოა, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს.

"დადასტურდა, რომ დვოკატებს სამართლებრივი არგუმენტები არ აქვთ, მათი მიზანი იყო, მოეწყოთ სანახობა, შოუ დაედგათ და დაეზაფრათ საზოგადოება, ალბათ ამიტომ ითხოვდნენ საჯარო სხდომებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადვოკატებმა დატოვეს დაცვის გარეშე და მათ უსაფუძვლოდ დატოვეს სხდომა, ეს კანონის დარღვევაა და მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება" - თქვა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ კანონი სახაზინო ადვოკატის დანიშვნას ითვალისწინებს.

"ისინი ვერც პროცესს გააჭიანურებენ და ვერც თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, ბრალდებულს მოუწევს, პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე. კანონი ითვალისწინებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნას. სახაზინო ადვოკატი ვალდებული იქნება, დაიცვას ბრალდებულის ინტერესები და სასამართლო სხდომები გაგრძელდება. შესაძლებელია, მათ [გიორგი ფანცულაიას და მიხეილ რამიშვილს] საერთოდ აღარ მიეცეთ სხდომებში მონაწილეობის უფლება, ამას გადაწყვეტს სასამართლო" - ამბობს პროკურორი.

ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ბრალდების მხარის არგუმენტებს სხდომის დახურვის შესახებ, არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

"სხდომა დაიხურა, ვინაიდან არ შეილახოს მართლმსაჯულების ინტერესი და საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს, ეს იყო არგუმენტები და მათი განცხადებები, თითქოს რაღაც ინტიმური ვიდეოებით ვაშანტაჟებთ ვიღაცას, წმინდა წყლის სპეკულაციაა" - თქვა პროკურორმა.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოში მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო. 

საქმის განხილვის სრულად დახურვა პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდებამ მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

ამის შემდგომ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და ადვოკატებსაც პროცესის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავდა, რა დროსაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები