ნონა წოწორიაზე სავარუდო ზეწოლა

პროკურატურამ ოთარ წოწორიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

მთავარი პროკურატურა

მთავარმა პროკურატურამ ოთარ წოწორიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურა დღეს გავრცელებული განცხადებით, აღნიშნავს, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ წოწორიას საცხოვრებლიდან ამოღებული იარაღი არა მას, არამედ მის სიმამრს ეკუთვნოდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ წოწორიას სიმამრი 11 მაისს გარდაიცვალა, შესაბამისად გამოძიების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. 

"2017 წლის 18 მაისს, შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,  გამოძიების მიერ, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც  ოთარ  წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება  ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია  გამოსაყენებლად.

გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს.  ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო", - წერია განცხადებაში.

ოთარ წოწორია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმაა. თავად ნონა წოწორია ძმის სახლის ჩხრეკას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, მასზე გავლენას ვერაფერი მოახდენს და კვლავ შეიტანს წვლილს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.

"მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს, განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემ მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში", - წერს წოწორია.

ნონა წოწორიას სტრასბურგის სასამართლოში ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამივე ჩააგდეს, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. ის მოსამართლეთა სწორედ იმ სექციაშია, რომელიც რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეებს განიხილავს.
 

კომენტარები