პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა $2 ათასს გადააჭარბა

flickr.com

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ერთი ბიტკოინი $2029 დოლარი ღირს. 2017 წლის მანძილზე ბიტკოინის ღირებულება 60%-ზე მეტად გაიზარდა.

რატომ იზრდება ბიტკოინის ფასი: 

უკანასკნელი ზრდის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ იაპონიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილების შედეგად მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით იაპონიაში ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც მისი ფასის ზრდა გამოიწვია. ამ დროისთვის ბიტკოინის მოთხოვნის თითქმის 50% იაპონიაზე მოდის.

უკანასკნელი გაძვირების გამო ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ (ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულებამ) $33 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში არაა თავმოყრილი, არამედ ის განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. თუმცა სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

კომენტარები