საკონსტიტუციო ცვლილებები

ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვენეციის კომისიასთან ერთად განიხილავენ

idfi.ge

დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება.

„რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება მანდატების გადანაწილების მოდელთან დაკავშირებითაც.

"ამ საკითხზე განსაკუთრებული კრიტიკა არ მგონია, იყოს, თუმცა, თუ ასეთი იქნება, ბუნებრივია, განვიხილავთ შემდეგ სხვა წინადადებებსაც“, - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისთვის საკუთარი კრიტიკული შეფასება გადაგზავნილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს. მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. ცნობისთვის, კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც, ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება.

კომენტარები