ტერაქტი დიდ ბრიტანეთში

კობახიძე: ტერორიზმი ყველაზე დიდი საფრთხეა მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

„ტერორიზმი არის ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ“- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება. კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პარლამენტის სახელით ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს.

„შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც 22 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც. ტერორიზმი არის ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ყველას ვალია, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური თანამდებობისა, გაერთიანდეს ამ გამოწვევის წინააღმდეგ და ერთობლივი ძალებით, სოლიდარობითა და თანამშრომლობით ებრძოლოს მას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩემს ბრიტანელ კოლეგებს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ხოლო დაშავებულებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას და ტერორიზმისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებას ვუსურვებ.“- წერია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანჩესტერ არენაზე, ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ. დადასტურების შემთხვევაში, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იქნება 2005 წლის ლონდონის მეტროს ტერაქტების შემდეგ.

კომენტარები