თბილისის საკრებულო

ევროპული საქართველო მერს ფარცხალაძისთვის ქონების გადაცემაზე საკრებულოში იბარებს

timer.ge

ევროპული საქართველო დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებს. ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის" თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მერმა პასუხი უნდა გასცეს ოთარ ფარცხალაძისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ კითხვებს.

"აუდიტის სამსახურიც კი აქვეყნებს შუალედურ დასკვნას და საუბრობს იმ საეჭვო მიწის მონაცვლეობაზე, რომლითაც თბილისის ბიუჯეტმა და თბილისელებმა 2 მილიონზე მეტი ლარით იზარალეს. უკვე აუდიტის სამსახური საუბრობს საეჭვოდ გამოცხადებულ ე.წ. აუქციონზე და მის პირობებზე, რომელიც ერთ კონკრეტულ ფირმას და ერთ ადამიანს არის მორგებული. ამიტომ, ბუნებრივია, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - ამბობს ახვლედიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნარმანიას საკრებულოში დაბარებას არარელევანტურად მიიჩნევს. ენმ-ის წევრ მარინა დათუკიშვილის თქმით, ნარმანია საკრებულოში არ მივა და თუ მივა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხს მაინც არ გასცემს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი არ ეწინააღმდეგება ევროპული საქართველოს ინიციატივას, თუმცა, მისი აზრით, დავით ნარმანიამ პროკურატურაში უნდა გასცეს არსებულ კითხვებს პასუხი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. 

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ამ ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა.

კომენტარები