ტერაქტი მანჩესტერში

მეი: ტერორისტები ვერასდროს გაიმარჯვებენ ჩვენს ღირებულებებზე

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ პრესკონფერენცია გამართა.

მეის თქმით, ადამიანები "ულმობელი ტერაქტის" მსხვერპლნი გახდნენ. მეიმ თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

მეის შეფასებით, გუშინ მომხდარი ტერაქტი იყო ყველაზე მძიმე დარტყმა ინგლისის ჩრდილოეთისთვის.

მეიმ აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა კონცერტის დასრულების შემდეგ, ხელნაკეთი ბომბი გასასვლელთან აამოქმედა, რადგან ამ დროს იქ ყველაზე მეტი ადამიანი მოძრაობდა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა ამ ეტაპზე მისი სახელის დასახელება შეუძლებელია. მეიმ ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა, მისი თანამზრახველებიც კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს.

მეიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ "ტერორისტები ვერასდროს გაიმარჯვებენ ბრიტანელთა ღირებულებებზე".

დღესვე ტერეზა მეი მანჩესტერში ჩავა, სადაც Cobra-ს (მთავრობის კრიზისული სიტუაციების მართვის სპეციალური კომიტეტი) რიგით მეორე სხდომას უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, მეიმ მადლობა გადაუხადა მანჩესტერის მაცხოვრებლებს, რომლებმაც არაერთი სახის დახმარება გაუწიეს დაშავებულებს და ბრიტანელ მაშველებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გუშინ, მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

კომენტარები