ბანკები

იტალიური ბანკი, რომლის საცავებშიც მილიონობით ევროს ღირებულების ყველი ინახება

Reuters

Credito Emiliano იტალიური ბანკია, რომლის საცავებშიც მილიონობით ევროს ღირებულების ყველია დაცული. იტალიაში კომპანიებს სესხის უზრუნველყოფაში ფულთან და უძრავ ქონებასთან ერთად უმაღლესი ხარისხის ყველის ჩადებაც შეუძლიათ. ამის გამო მრავალი მწარმოებელი კრედიტის აღებისთვის ბანკს საუკეთესო ხარისხის პარმეზანს გადასცემს, რაც სესხის დაფარვამდე ბანკის სპეციალურ საცავებში ინახება. 

"პარმეზანო რეჯიანო" ეგრეთწოდებული "ყველის მეფეა", მის სრულ დამწიფებას 24-36 თვე ესაჭიროება. იტალიაში ამ ტიპის ყველის ყველა მწარმოებელი სპეციალურ სერტიფიკატს ფლობს, ყველის თითოეული თავი კი სპეციალური დამღითაა დანიშნული და აღიცხული, რაც ამ პროდუქტს ერთგვარ სტანდარტიზებულ ჩარჩოებში აქცევს. 

"ჩვენ ვართ ტრადიციული ტიპის საკრედიტო დაწესებულება და ჩვენ ამავდროულად მხარს ვუჭერთ პარმეზანის მწარმოებლებს, გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კრედიტის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახე პარმეზანიც ყოფილიყო უკავშირდება იმას, რომ ეს პროდუქტი არის ტიპიური და სტანდარტული და იტალიის ამ მხარისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია",- ამბობს კრედიტო ემილიანოს ერთ-ერთი ბანკირი ფაუსტო ფილიპი.

ბანკირი განმარტავს, რომ მთავარი სირთულე ყველის შენახვაში მდგომარეობს. ყველს შენახვისთვის სწორი პირობების შექმნა ესაჭიროება, ამიტომაც კომპანია ყველის სპეციალურ საცავს იყენებს. 

კრედიტო ემილიანოს საცავში 360 ათასი თავი ყველია დაცული, რომლის საერთო ღირებულებაც €160 მილიონ ევროს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით, კრედიტო ემილიანო მსოფლიოში ყველის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მარაგს ფლობს.

კომენტარები