კალაძე: პრემიერის და ჩემი პოზიციაა მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

ვიცეპრემიერი კახა კალაძე
ტაბულა

"მოგახსენებთ მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს", - ამბობს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

კალაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში აზუსტებს, რომ საუბარია ახალი კანონის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უცხოელებს ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის უფლება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში შეეძლება.

ეკა ბესელიამ ტაბულასთან განაცხადა, რომ კანონპროექტი მუშაობის პროცესშია და მისი დასრულების შემდეგ პარტია მის პრეზენტაციას გამართავს.

"ჩვენ ვართ მომხრე, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც არ არის უხვი ჩვენს ქვეყანაში, მისი გასხვისება არ იყოს იოლად შესაძლებელი და არსებობდეს ისეთი მექანიზმები, რომელიც დაიცავს ამ ძალიან მნიშვნელოვან რესურსს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით პრინციპების დონეზე ახლა ვმუშაობთ ამ ცვლილებებზე", - ამბობს ბესელია.

ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის პროექტში (PDF დოკუმენტი) მიწის შესახებ ჩანაწაწერი ასეთია:

მუხლი 19

"მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი"- ამ ორგანული კანონის პროექტზე საუბრობდა ეკა ბესელია. 

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

კომენტარები