საქართველო-თურქეთი

კრიმინალურმა პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა

კრიმინალურმა პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

„მიზეზი სავარაუდოდ, თურქეთიდან მომდინარეობს, გუშინ თურქეთის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, დღეს დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. გამომძიებლებმაც მითხრეს, რომ ქართული მხარე მუსტაფას სამართლებრივად არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, სწრაფად მოახდინონ რეაგირება და არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუკი თურქეთს,“ - ამბობს რუსთავი 2-ის ცნობით, დაკავებულის ცოლი თუფა კანდემირ-ჩაბუკი. 

მუსტაფა ჩაბუკი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ორი წელია, მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.

კომენტარები